ელისაბედ წულუკიძე-წერეთლის სასახლე საჩხერეში

აკაკი წერეთლის სასახლე საჩხერეში
იმერეთში წერეთელი წარჩინებული თავადური გვარია. ისტორიაში ეს გვარი მეცამეტე საუკუნიდანაა ცნობილი. მისი წარმომადგენლები ძირითადად მდინარე ყვირილას მარცხენა მხარის მფლობელები იყვნენ და იმერეთის სამეფოში გავლენიან თანამდებობებს იკავებდნენ. მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთმა საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინა და ადგილობრივი, წმინდა ფეოდალური მმართველობა სამხედრო ფეოდალურმა ჩაანაცვლა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქართველმა არისტოკრატმა ქალბატონებმა მაინც მოახერხეს ძველებური სახელისა და დიდების შენარჩუნება. იმ პერიოდში, საწერეთლოში ყველაზე გავლენიანი ქალი, ქალბატონი ელისაბედ წერეთელი იყო.
ელისაბედი 1857 წელს, რაჭის ერისთავის, წულუკიძის ოჯახში დაიბადა. შემდეგ ის ალექსანდრე წერეთელს მიათხოვეს, თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონს მეუღლე ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა და საკმაოდ მძიმე ცხოვრება, ქვრივმა გააგრძელა. ელისაბედ წერეთელი ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და ორგანიზატორული ნიჭის მქონე ქალბატონი გახლდათ, რომელმაც თავისი ნიჭისა და საზოგადოებრივად, დიდი მნიშვნელობის საქმიანობის გამო, მალე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი საწერეთლოში. იმდროინდელ საწერეთლოში არ არსებობდა საზოგადოებრივი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ელისაბედ წერეთელი პირველი არ აიმაღლებდა ხმას. ის თავგანწირვით იბრძოდა მანამ, სანამ პრობლემა კიდევ არსებობდა. ამ თვისებების გამო, ელისაბედის სახელი საწერეთლოს გასცდა და მთელ იმერეთში გავრცელდა.

ელისაბედ წულუკიძე-წერეთლი
„თავისი სიცოცხლის განმავლობაში ელისაბედ წერეთელი იყო განუმეორებელი ენერგიით სავსე, ძლიერი ნებისყოფის, პრინციპული, ქედმოუდრეკელი, ხშირ შემთხვევაში – ამაყი, საჭიროებისამებრ საკმაოდ მკაცრი, ამავე დროს ხელგაშლილი, კეთილი, გულისხმიერი“ – ასე ახასიათებდნენ მას ნაცნობები.
ზოგადად, წერეთლები გამორჩეული ხალხი იყვნენ კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით. ამ თავადურ გვარს არაერთი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ატარებდა, თუმცა შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ელისაბედ წულუკიძე-წერეთელი იყო დიდი ადამიანი და ხაზგასმით – ქალი, რომლის ოდენიც საჩხერეს ვერც მანამდე და ვერც მას შემდეგ, ვერავინ შემატა. მას ძალიან ბევრი ისეთი საქმე აქვს გაკეთებული, რომელიც, უპირველესად, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის იყო მნიშვნელოვანი და რომელიც განათლებას ეხებოდა. იმ პერიოდში, საჩხერეში თავად არისტოკრატთა შვილებიც ვერ იღებდნენ ცოდნას, თუ არ ჩავთვლით, საოჯახო და საეკლესიო განათლებას, რაც, ძირითადად, წერა-კითხვითა და ანგარიშით განისაზღვრებოდა. ელისაბედ წერეთელმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. მან 1909 წელს საკუთარ სასახლეში გახსნა ქალთა ორწლიანი სკოლა, რასაც ნამდვილად დიდი პროგრესი მოჰყვა ქალთა განათლების თვალსაზრისით. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ამ დროს, განათლების მიღება თვითონ თავადებისა და აზნაურების ქალიშვილებსაც კი არ შეეძლოთ, რადგან დიდგვაროვანი ოჯახები ქუთაისში, ძირითადად, მხოლოდ ვაჟებს ასწავლიდნენ.
ელისაბედ წერეთელმა კი ორკლასიანი სკოლა დააარსა და დირექტორად მღვდელი, აბიათარ იაკობაშვილი მოიწვია, რომელიც სავარაუდოდ, წარმოშობით ებრაელი იყო. ანეტა იურკევიჩი ასწავლიდა რუსულს, მათემატიკასა და ქართულს – ვერა აბრამიშვილი, ისტორია-გეოგრაფიას – მარიამ ჯანელიძე. სკოლას 40-მდე მოსწავლე ჰყავდა და ისინი გადასახადს არ იხდიდნენ. მოსწავლეების გადასახდელ თანხას, მთლიანად სახელგანთქმული ქვრივი ანაზღაურებდა.
ელისაბედ წერეთლის წყალობითა და თანადგომით, გაიყვანეს რკინიგზა ჭიათურიდან საჩხერემდე. შორაპნის მაზრაში პირველი საავადმყოფოც მან გაახსნა. საჩხერის რვაწლიანი სკოლა, თეატრი და ბიბლიოთეკაც ელისაბედის სახელს უკავშირდება. მდინარე ყვირილაზე ხიდის აშენებაც მისი შემწეობით. მის სახელს უკავშირდება ასევე, თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება, ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის სადგურის მშენებლობაც, „პოლიტიკური დამნაშავეების“ გათავისუფლება და ასე შემდეგ.
იმ პერიოდში, საჩხერეში ეკლესიის აშენების მოთხოვნილება გაჩნდა და ელისაბედ წერეთელმა, სასამართლოს ჩინოვნიკ ფილიპე მგალობლიშვილთან ერთად, შემოწირულობის შეგროვება დაიწყო. იმ დროისთვის ზღაპრული თანხა 1 300 მანეთი მიხეილ, პეტრე, ლევან ალექსანდრეს ძემ და ელისაბედ გიორგის ასულმა წერეთლებმა გაიღეს. სხვათა შორის, მისი ფრესკა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში დღესაც არსებობს.
ელისაბედს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, მეტიც, ქვრივი პოეტის დიდი თანადგომითაც სარგებლობდა. მას აკაკის სასახლეში საკუთარი ოთახი ჰქონდა მიჩენილი მუშაობისა და დასვენებისთვის. ელისაბედს გალაკტიონთანაც ჰქონია ურთიერთობა. როგორც მისი შვილიშვილი, სონია წერეთელი-ავალიშვილისა იგონებს, ამ მადლიანი ქალის ქველმოქმედება გალაკტიონსაც შეხებია. ქვრივს სოლიდური თანხით დაუსაჩუქრებია სასახლეში სრულიად შემთხვევით მისული გალაკტიონი.
გასაბჭოების შემდეგ წერეთლებს მძიმე დღე დაადგათ. რეპრესიები მათ ქონების გამო კი არა, უფრო დიდი ავტორიტეტისა და განათლების გამო დაუპირისპირეს, რაშიც მათ ბოლშევიკები ნამდვილად ვერ შეედრებოდნენ. 1921 წლიდან სოციალ-დემოკრატების ნაწილი ყველა საწესჩვეულებო ღონისძიების ამოძირკვას ცდილობდა, მათ შორის, საშობაოდ ღორის დაკვლასაც. ცხოველი ისე უნდა დაგეკლა, რომ ეზოდან ხმა არ გასულიყო. არისტოკრატებთან ურთიერთობაც კი აკრძალული იყო. ელისაბედ წერეთელს გასაბჭოების შემდეგ ქონება ჩამოართვეს და ის თბილისში, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი დურმიშიძის მამამ, ვასილმა, არისტოკრატებთან ურთიერთობის აკრძალვის მიუხედავად, გაბედა და დიდი ამაგის მქონე ქვრივს მიაკითხა. საჩხერის ამბების მოკითხვის შემდეგ, ელისაბედს გული არ დასწყვეტია იმაზე, რომ მის სასახლეში უპატრონო ბავშვთა ბაღი იყო გახსნილი.
1942 წელს, ბოლო წლების ძალიან მძიმე და გაჭირვებული ცხოვრების შემდეგ, თბილისში, საავადმყოფოში 85 წლის ქვრივი ელისაბედ წერეთელი გარდაიცვალა. ის ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.